საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, რომელიც საკუთარ ფეისბუქ გვერდზე თავად გვარამიამ გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ არხის გენერალური დირექტორი და 51%-იანი წილის მფლობელი ნიკა გვარამიაა, ხოლო 49% კახა ანჯაფარიძეს ეკუთვნის. „მთავრი არხის“ დირექტორები „რუსთავი 2“-ის ყოფილი იურისტები დიმიტრი საძაგლიშვილი და თამთა მურადაშვილი იქნებინ, ხოლო ფინანსური დირექტორი ირაკლი ნიჟარაძეა, რომელიც „რუსთავი 2“-ში ამავე თანამდებობაზე მუშაობდა.
როგორც ნიკა გვარამია აცხადებს, „მთავარი არხი“ ეთერში ძალიან მალე გავა.
„წილების ეს კომპიზიცია დროებითია და პირობითი. მალე გაიგებთ ინვესტორების, შენობის, სიხშირის და, თქვენი დიდი იმედი გვაქვს, ანგარიშის შესახებ, რომელზე თქვენი შემონატანი ერთი ლარიც კი ძალიან დაგვეხმარება ჩვენ და იქნება ინვესტიცია საქართველოს დასავლურ და დემოკრატიულ მომავალში. მაშ ასე, ჩვენ ვიწყებთ! ძალიან მალე ეთერში! უფრო ადრე, ვიდრე გგონიათ“, – დაწერა გვარამიამ სოციალურ ქსელში.
ნიკა გვარამია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი 2012 წლიდან იყო. მას შემდეგ, რაც 2019 წლის 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ტელეკომპანიის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო და არხის 100%-იანი წილის მფლობელად ქიბარ ხალვაში იქნა აღიარებული, ნიკა გვარამია გენდირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შემდეგ მან ახალი არხის შექმნა დააანონსა.